Monday, December 15, 2014

***


მაშინ, როცა ცაზე ახლიდან დადგება გაზაფხული და ვარსკვლავებიც, ატმის ნაზი ყვავილებივით აფეთქდებიან, ისევ კარზე მოაკაკუნებს ჰაერისფერი მოგონება, ფერებგაცლილი რომ შემომჩვევია ყოველღამ.
მაშინ,როცა დედამიწა სქელ, ფუმფულა თავშალს შემოიხვევს შეციებულ ზურგზე,
მაშინ, როცა რაღაც უცნაურად აწკმუტუნდება ჩემი მეზობლის ძაღლი,
მაშინ,როცა გაურკვეველი სპექტრი სამეფო გვირგვინივით შემოსავს მთვარეს
და მაშინ, როცა გაცვეთილ-გახუნებული კონტურები შეღებვას იწყებენ მალიმალ,
შენ დაბრუნდები.
მოხვალ ისე, თითქოს არც არასდროს წასულხარ.
მოხვალ ისე,თითქოს არც არასდროს გიარსებია ამ დღის ზღვრამდე და ხელახლა დაბადებული შემომიღებ ღრჭიალით კარს.
ოთახში, სადაც ყოველ წამიერად სიჩუმე წივის, წამიერად გაიჭრება სქელი ნოსტალგიური ფენა და მზის სხივივით დაეშვება სიყვარულის განცდა.
მაშინ, როცა ოდნავი ჟინჟღლი და ქარის ოდნავი სუნთქვა შეაცახცახებს ტირიფს, (აგერ ნახევარი საუკუნე რომ უძლებს დროს), შემოაღებ კარს და მოხვალ.
... იტყვი, რომ ცხოვრება ისაა, რაც გინდა გახსოვდეს და არა ის,რაც იყო.
ჰაერისფერი პეპელა შეენარცხება მინას.
იტყვი, რა უნდაო პეპელას ზამთარში, თან ჰაერისფერს, შუშისას, ცივს...
წვრილად გაიფანტება მინდა.
სველი ჟინჟღლი ჩამოსრიალდება ფანჯარაზე, გააპობს სივრცეს და დროებით კალაპოტს ჩაირბენს უცებ.
მაშინ, როცა ვიღაცის ატალახიანებული, გაწუწული ძაღლი ლასლასით ჩაივლის ქუჩას, შენ ჭრიალით გააღებ კარებს და
წახვალ.
ისე,თითქოს არც ყოფილხარ.
წაშლი ზღვარს დღემდე, წამიდან წამამდე.

მაშინ, როცა ცაზე ხელახალი გაზაფხული აყვავდება, ჩავთვლი, რომ არ გამიმართლა.

No comments:

Post a Comment