Tuesday, November 25, 2014

პეპლები


დიდ ხანს ლაპარაკობდნენ, გათოვდაო, თუმცა მე ვერ ვგრძნობდი სისველეს.
გაღვიძებულს, ფანჯრის მინაზე ნაომარი სცენა დამხვდა და მივხვდი, რომ ჩემი ჯერიც დადგა.
მინას შეხეთქებული, აალებული ფიფქები იწვოდნენ ისე, როგორც ოდესღაც...
წელს პირველად გათოვდა თუმცა მერამდენედ გამითოვდა, ვეღარ დამითვლია.
დიდ ხანს ლაპარაკობდნენ, რომ აცივდა, თუმცა მე სულ ვგრძნობდი ამას, მათგან განსხვავებით.
ტირიან, რომ მზე აღარ არის.
თუ შეეჩვიე, ადვილია.
სინაზე-ჰაეროვნებაში შეპარული სევდა ბარდნის მარტოობასშეჩვეულ ქუჩაზე და მეფიქრება.
არავინ ვართ მეტი.
მე და ფიქრი.
სქელი,ფუმფულა ფიფქები და მარტოობა.
დიდი ხანია მოსთქვამენ, რომ აღარ გამოიდარებს.
სისასტიკეშიც შეიძლება დაინახო მშვენიერება, მთავარია ძალა გქონდეს.
გასაფრენად მომზადებულ ცეცხლის ენებს მხრებზე აწევთ თავისუფლების განცდა.
ზღვარწაშლილ კედლის იქეთ, სადაც ქრება ჰორიზონტი და ერთმანეთს ორი, სრულიად სხვადასხვა სამყარო უპირისპირდება, თოვს.
თოვს თეთრი და შავი ფანტელი ერთად.
არავინ ვართ მეტი.
მე და ფიფქები.
ცეცხლი,
სქელი, ფუმფულა ფიქრები, ფიფქები და
მარტოობა.
დარღვეული სივრცის მიღმა გაზაფხული იღიმება. მინაზე არეკვლილ ღიმილს ნაზად ადნება აალებული ფიფქების სევდა.
არასოდეს არავინ იტყვის კარგიაო იმაზე, რაც მართლა კარგია. მთავარია დანახვა შეგეძლოს.
გამოფიტულ, წელშიმოხრილ ხეს სიგრილე თავისებურად ეფერება.
თეთრი პეპლები ბლომად ათოვენ დედამიწას და არავინ ვართ მეტი...
მე და მარტოობა.

სქელი, ფუმფულა პეპლები და მინაზე ღიმილად არეკვლილი გაზაფხული.

No comments:

Post a Comment