Monday, December 15, 2014

***


მაშინ, როცა ცაზე ახლიდან დადგება გაზაფხული და ვარსკვლავებიც, ატმის ნაზი ყვავილებივით აფეთქდებიან, ისევ კარზე მოაკაკუნებს ჰაერისფერი მოგონება, ფერებგაცლილი რომ შემომჩვევია ყოველღამ.
მაშინ,როცა დედამიწა სქელ, ფუმფულა თავშალს შემოიხვევს შეციებულ ზურგზე,
მაშინ, როცა რაღაც უცნაურად აწკმუტუნდება ჩემი მეზობლის ძაღლი,
მაშინ,როცა გაურკვეველი სპექტრი სამეფო გვირგვინივით შემოსავს მთვარეს
და მაშინ, როცა გაცვეთილ-გახუნებული კონტურები შეღებვას იწყებენ მალიმალ,
შენ დაბრუნდები.
მოხვალ ისე, თითქოს არც არასდროს წასულხარ.
მოხვალ ისე,თითქოს არც არასდროს გიარსებია ამ დღის ზღვრამდე და ხელახლა დაბადებული შემომიღებ ღრჭიალით კარს.
ოთახში, სადაც ყოველ წამიერად სიჩუმე წივის, წამიერად გაიჭრება სქელი ნოსტალგიური ფენა და მზის სხივივით დაეშვება სიყვარულის განცდა.
მაშინ, როცა ოდნავი ჟინჟღლი და ქარის ოდნავი სუნთქვა შეაცახცახებს ტირიფს, (აგერ ნახევარი საუკუნე რომ უძლებს დროს), შემოაღებ კარს და მოხვალ.
... იტყვი, რომ ცხოვრება ისაა, რაც გინდა გახსოვდეს და არა ის,რაც იყო.
ჰაერისფერი პეპელა შეენარცხება მინას.
იტყვი, რა უნდაო პეპელას ზამთარში, თან ჰაერისფერს, შუშისას, ცივს...
წვრილად გაიფანტება მინდა.
სველი ჟინჟღლი ჩამოსრიალდება ფანჯარაზე, გააპობს სივრცეს და დროებით კალაპოტს ჩაირბენს უცებ.
მაშინ, როცა ვიღაცის ატალახიანებული, გაწუწული ძაღლი ლასლასით ჩაივლის ქუჩას, შენ ჭრიალით გააღებ კარებს და
წახვალ.
ისე,თითქოს არც ყოფილხარ.
წაშლი ზღვარს დღემდე, წამიდან წამამდე.

მაშინ, როცა ცაზე ხელახალი გაზაფხული აყვავდება, ჩავთვლი, რომ არ გამიმართლა.

Tuesday, November 25, 2014

პეპლები


დიდ ხანს ლაპარაკობდნენ, გათოვდაო, თუმცა მე ვერ ვგრძნობდი სისველეს.
გაღვიძებულს, ფანჯრის მინაზე ნაომარი სცენა დამხვდა და მივხვდი, რომ ჩემი ჯერიც დადგა.
მინას შეხეთქებული, აალებული ფიფქები იწვოდნენ ისე, როგორც ოდესღაც...
წელს პირველად გათოვდა თუმცა მერამდენედ გამითოვდა, ვეღარ დამითვლია.
დიდ ხანს ლაპარაკობდნენ, რომ აცივდა, თუმცა მე სულ ვგრძნობდი ამას, მათგან განსხვავებით.
ტირიან, რომ მზე აღარ არის.
თუ შეეჩვიე, ადვილია.
სინაზე-ჰაეროვნებაში შეპარული სევდა ბარდნის მარტოობასშეჩვეულ ქუჩაზე და მეფიქრება.
არავინ ვართ მეტი.
მე და ფიქრი.
სქელი,ფუმფულა ფიფქები და მარტოობა.
დიდი ხანია მოსთქვამენ, რომ აღარ გამოიდარებს.
სისასტიკეშიც შეიძლება დაინახო მშვენიერება, მთავარია ძალა გქონდეს.
გასაფრენად მომზადებულ ცეცხლის ენებს მხრებზე აწევთ თავისუფლების განცდა.
ზღვარწაშლილ კედლის იქეთ, სადაც ქრება ჰორიზონტი და ერთმანეთს ორი, სრულიად სხვადასხვა სამყარო უპირისპირდება, თოვს.
თოვს თეთრი და შავი ფანტელი ერთად.
არავინ ვართ მეტი.
მე და ფიფქები.
ცეცხლი,
სქელი, ფუმფულა ფიქრები, ფიფქები და
მარტოობა.
დარღვეული სივრცის მიღმა გაზაფხული იღიმება. მინაზე არეკვლილ ღიმილს ნაზად ადნება აალებული ფიფქების სევდა.
არასოდეს არავინ იტყვის კარგიაო იმაზე, რაც მართლა კარგია. მთავარია დანახვა შეგეძლოს.
გამოფიტულ, წელშიმოხრილ ხეს სიგრილე თავისებურად ეფერება.
თეთრი პეპლები ბლომად ათოვენ დედამიწას და არავინ ვართ მეტი...
მე და მარტოობა.

სქელი, ფუმფულა პეპლები და მინაზე ღიმილად არეკვლილი გაზაფხული.

Sunday, November 23, 2014

ვადაგასული შემოდგომა


...  კიდევ ერთხელ დაღამდა. ისე, თითქოს არაფერი. დღითიდღე მიჯდება კანში ქარის მოტანილი უშენობა. მერე... მერე ყველა უჯრედს რომ დაეუფლება გამაციებს ხოლმე... უშენობა მცივა. ჩემს ირგვლივ შემოდგომის უკანასკნელ დღეებს რომ ითვლიან, გამეღიმება ხოლმე. მოცლილებიც ხომ არსებობენ... თანაც რამდენი. და მე...
მე ყოველღამე ვერგათენების ტკივილით და მოლოდინით მძინავს. მაშინ, როცა ჩემი კედლის იქით, პაწაწინა ბავშვის მშვიდი ფშვინვა ისმის... როცა ქვემოთ სართულზე ჩემს მეზობელ წყვილს ჩახუტებულს სძინავს, მაშინ, როცა ნახევრად განათებულ ქალაქში ფეხაკრეფით დაიარება მარტოობა.
ლამპიონიც,უგემურად რომ აყუდებულა და ნაძვის ერთ ტოტზე თავი ჩამოუდვია, უსაქმოდ მყოფი, თანდათან ითვლის წვიმის წვეთებს...
ერთი,ორი, სამი....შვიდი,რვა...
სადენებზე ჩამოსკუპებული ბეღურები სველი ფრთებით ებრძვიან სიცივეს.
მერე....
მერე ისევ წამოიტირებს დედამიწა... ისევ დაიღვრება მიწაზე ცრემლს მოყოლილი მოგონებები...
გვერდით ქუჩაზე, პატარა ოთახში გძინავს...
... შენს ქუჩაზეც გაწვიმდება, მაგრამ ვერ იგრძნობ.
ისე მცივა, როგორც ობოლ ბავშვს.. დედის სითბო რომ არ ახსოვს, ან დავიწყებია.
უშენობით აყროლდა ვადაგასული შემოდგომა.

Saturday, November 22, 2014

***


რა ხანია კედლიდან კალენდარი ჩამოვხსენი. მზეც აღარ მაქვს, აქამდე ფანჯრიდან რომ მეპარებოდა ხოლმე. ისე მოვიდოდა, არც ველოდებოდი, თუმცა ვგრძნობდი, რომ მჭირდებოდა.
რა ხანია აღარ ველოდები სიკვდილს. 
საათიც გუშინ გადავაგდე, გამიფუჭდა. ძველი საათი მქონდა, ბაბუამ დამიტოვა, როცა კვდებოდა. 
მეუბნებიან, ხასიათი დაგიმძიმდაო. მე სულ ასეთი ვიყავი, თუმცა ვერასდროს მამჩნევდნენ ჩემი ხასიათიანად. ისიც მითხრეს, რომ როცა სუსტი ხარ, უნდა დანებდე. 
ყველა მეუბნება, უნდა იფიქროო, ფიქრი კარგი არისო, თუმცა არ მეფიქრვინება. რა ხანია შევეგუე სიკვდილის განცდას და ხმელ ფოთლობას.
გაზაფხულზე დავიბადე. აპრილში. წვრილად აყვავავებულ ალუბლის ხე რომ სინაზით და მორიდებით იდგა, ქარი როცა იყო და დედაჩემმა არ იცოდა საკუთარი შეცდომის შესახებ...
მერე რამდენიმე ათეული გაზაფხული გავლიე და მივხვდი რომ დავმძიმდი. ვეღარ ვათრევდი სულს, რომელიც სხვებისთვის გამჭვირვალე იყო და თავად ჩემთვისაც, არაფერი იყო ირეალური მტვრის გროვის მეტი.
დედაჩემი მორწმუნე ქალი იყო. მეუბნებოდა, რომ არასდროს უნდა დამეკარგა მომავლის იმედი და რწმენა. მერე იმანაც დამტოვა და დავრჩი ასე, მომავლის,იმედის და ღვთის გარეშე. ისე წავიდა, არ იცოდა რომ დიდი შეცდომა დაუშვა. აი,მაშინ, წვრილად აყვავებულ ალუბლის ნაზ ხეზე რომ ფერადი ჩიტები,თითოეული უჯრედით ისრუტავდნენ სხივებს.
რა ხანია აღარ ვითვლი დღეებს, რა ხანია აღარც გაზაფხულს ველოდები.
მეუბნებიან ხასიათი დაგიმძიმდაო,თუმცა მე სულ ასეთი ვიყავი. მათ ვერ მიმიღეს ასეთი და მერე მე დამაბრალეს, რომ რთული ვარ.
თხელი კედლის იქით მეზობლის საათი გაუჩერებლად წიკწიკებს და ჩაფერფლილ გრძნობებს ცივად აყრის ნაცარს.
რა ხანია აღარც მზეს ველოდები. აღარც დედას. აღარც იმედს.
ოთახში კედლებზემცოცავ ობობებს აღარ ვუშლი ქსოვას. გადახლართულ ქსელებზე ჩამოკიდებულ განცდას, რომ აღარა ვარ, ვერაფერი მიცვლის.
რა ხანია შევეგუე სიკვდილს.

Wednesday, November 19, 2014

ზამთრის ხუთი მოკბეჩილი ღამე


არ ვიცით სად ვართ, მაგრამ ვიცით, რომ სახლში ვართ. აი, ასე... მარტივად! ავდექით, ჩავიცვით, ჩავალაგეთ და წამოვედით. ვიცოდით, რომ ერთად გვინდოდა და მეტი არაფერი. მიყვარს-მეთქი მასზე არასდროს ვიტყვი... სიყვარულზე მეტიც არსებობს რაღაც, უფრო ზემდგომი, ამაღელვებელი და სულის შემატოკებელი... შემიყვარდა და მორჩა! მერე რა, თუ ვერავინ გამიგო... მერე რა, თუ ყველამ უარმყო და მიმატოვა.
ავდექით და წამოვედით. თებერვლის სუსხიანი ჰაერი გვიწვავდა სახეს. ვიცოდით მარტო ერთი, მე ის მინდოდა, მას - მე. რაღაც უსასრულო გზა გავიარეთ, მერე გადავუხვიეთ და ფიჭვნარში შევერიეთ. აწოწილი ხმელ-ხმელი ხეები ზემოდან დაჰყურებდნენ ჩემს პაწია, დაუცველ ზეინას. მინდოდა დამეცვა. ყველასგან და ყველაფრისგან, უსასრულოდ... ვალდებული ვიყავი კიდეც.
ხეებში შევერიეთ. ნაძვის ხის გირჩებს აგროვებდა ზეინა. უყვარდა ნაძვის გირჩები, ძალიან... ტყეც უყვარდა ზეინას, ცუდი ამინდიც... მეც.
მიტოვებულ ქოხმახს მივადექით. ერთი შევხედე და გავუღიმე. ისიც უთქმელად მიხვდა, რომ ეს ჩვენი ახალი ბინა იქნებოდა.
კაი ღია დაგხვდა და შევედით.
ზეინა, აწ უკვე ჩემი ცოლი, წამიერად დაიბნა... მერე საქმიანად ამოაბარგა პატარა ზურგჩანთიდან სახლიდან წამოღებული მცირეოდენი სანოვაგე, მორყეულ მაგიდაზე დაალაგა და დამელოდა...
ვხედავდი და მინდოდა, მთელი ჩემი არსებითა და თითოეული უჯრედით მინდოდა ჩემი ყოფილიყო. ის ხომ ზეინა იყო, პაწაწინა, წვრილი და მოკლედ თმაშეკრეჭილი, ზღვისფერთვალა ზეინა...
გარეთ გამოვედი. გამახსენდა რომ ცივილიცაზიის. გლობალიზაციის შვილი ვარ და ტელეფონი მოვიძიე. 24 თებერვალი. ჩემი ცხოვრების ახალი საწყისი, ახალი სტადია... მხოლოდ მე და ზეინა! მეტი არაფერი...
წვრილი ბილიკი ავიარე და ტყეში შევერიე. შიგადაშიგ მწვანე იყო გატიტვლებული ხეები და გავიოცე... ნელ-ნელა ვატეხდი ხეებს უწვრილესს ტოტებს, არ მინდოდა რომელიმე ხის სულში შევმძვრალიყავი და დამეფლითა... მერე, თითოეულს, რომელსაც ტოტი წავართვი ჩავეხუტე და წამოვედი. ცოტათი გათბნენ ალბათ. ყოველშემთხვევაში თავი დავიიმედე.
ზეინა ოთახში დამხვდა. ერთიანად კანკალებდა. იმის დანახვაზე ერთიანად ამიტანა ცახცახმა. ნაცრით გავსებულ ბუხარს მივადექი, ჩავიმუხლე... მთელი ჩემი ძალ-ღონე და მალე ცეცხლის ენებმა ჩემსკენ წამოიღეს გახურებული, მწველი თითები.
დათბა. ერთიანად ჩაწვა სულში გაზაფხული, თუმცა ჯერ ადრე იყო...
იმის თმაში ჩავრგე თავი და გავირინდე. ვიცოდი, ეს ჩემი ცხოვრების საუკეთესო წამები იყო და მაინც მეშინოდა. მეშინოდა, ვიღაცას არ წაერთმია ჩემი ზეინა...
დავაღამეთ. ტყეში უცნაური ბინდი ჩამოწვა და ტყემაც შავი თავშალი მოიხვია უცებ. უმთვარო ღამე იყო. ეშინოდა ზეინას და მთელი სხეულით ვეკვროდი, რომ გამეთბო.
ვუყვებოდი მომავალზე, შვილებზე. ჩემი და ზეინას ბიჭებზე, რას დავარქმევდით, როგორები იქნებოდნენ... იცინოდა ზეინა დ ამისი სიცილი ერთიანად მგვრიდა ტკივილს და სიხარულს....
გათენდა. ცამ ქამელეონის მიბაძვით იცვალა ფერი. მტრედისფერ ღრუბლებში ნელა შესრიალდა მზის სხივი, იქიდან ტყემდე დაეშვა და ზეინა გაათბო.
ვისხედით მე და ზეინა შიშველ სივრცეში და არაფერი გვაღელვებდა სრულიად. ვუყვებოდი წარსულსა და მომავალზე ერთდროულად. ხშირად იღიმოდა და ის ღიმილი მკლავდა ბოლომდე… ის ისეთი ნაზი და დაუცველი იყო... ფარფატა პეპელა, რომელიც ლამაზ ყვავილებს მოჰყვა და ჩემამდე მოვიდა.
იმ ღამეს სამუდამოდ მივისაკუთრე ჩემი ზღვისფერთვალა. ეს უბრალოდ მოხდა... აუღელვებლად, მაგრამ მაინც დიდი ემოციით... არც უტირია და არც უთხოვია სამუდამოდ დავრჩენილიყავი მასთან. ეს მან უჩემოდაც მშვენივრად იცოდა და იმიტომ...
დღე დღეს მიჰყვებოდა და ვაღამებდით. სიყვარულით ვთბებოდით და ხანდახან გვიკვირდა კიდეც, რატომ ვანთებდით ბუხარს... ჩვენ ხომ, სულ, სულ სხვა ძალა გვითბობდა სისხლს... ალბათ სიმბოლურად... ბუხარი ხომ უზომოდ უხდება ახალ-ახალ ისტორიებს.. ჰოდა  მეც ვყვებოდი.
მერე ზეინა შეიცვალა. წამიერად დ ავიგრძენი რაღაც არარსებული და არსებული, აბსტრაქტული და ჩემზე გაცილებით ძლიერი, რომელიც მართმევდა... მართმევდა პეპელა-ზეინას.
***
ზეინა კარგად ვერ არის და ვგრძნობ, რომ მართმევენ. დიდრონი თვალებიდან მიყოლებით სცვივა გამჭვირვალე ბურთები. თვალებზე ვკოცნი, მინდა რომ ცრემლები შევუშრო, მაგრამ არ გამომდის...
თვალებს ხუჭავს და მიდის. ჩვენს ხის ქოხში ატუზული სიკვდილი, მარტოდმოსული აღარ მიდის მარტო...
ვგრძნობ, რომ უნდა მოვკვდე. თებერვალი ოცდაცხრითაა ახლა. ხვალ გაზაფხულია უკვე. ხვალიდან ჩემს გაზაფხულს უშენობა ჰქვია-მეთქი ვეუბნები ჯერ თბილ ზეინას და ქოხს ვტოვებ.
უკანასკნელ ფიჭვამდე გათიშული მივდივარ. არაფერზე ვფიქრობ. როგორც რაიმე ელექტრონული მოწყობილობა, ისე გამთიშეს. აღარანაირი აზრი და აღარანაირი ფიქრი, ჰოდა მეც თოკს მჭიდროდ ვამაგრებ ტოტზე...
ესეც ჩემი, უკანასკნელი ზამთრის უკანასკნელი ღამეები. თებერვლის ხუთი, მოკბეჩილი ღამე...


პ.ს (https://www.youtube.com/watch?v=KUim-02GRsI)










***


ერთხელ ვთქვი, როცა ვეღარაფერს დავწერ, მაშინ მოვკვდები მეთქი. ღრმად მჯეროდა ამისი.
იმის მერე ბევრი გავიდა, ბევრი წავიდა... მაგრამ არავინ მოსულა, არასდროს.
ეხლა გვიანი შემოდგომაა და სიცარიელით გავსებულ ოთახში მკვეთრი სიმყრალე მცემს, რაღაცნაირად ჩემში შემოდის და მახრჩობს. ყელში ჩერდება და აღარსად მიდის.
როცა ვეღარ დავწერდი, მაშინ მოვკვდებოდი, ასე მჯეროდა.
ბოლოს გუშინ დავწერე. იმის მერე ვწვალობ, არადა როგორ მინდა სადენზე ჩამოსკუპებულ ჩიტებს მოვუყვე რაც მჭირს...
რაღაც დამეკარგა. გამეპარა. კარდაკეტილ ოთახში ვცხოვრობ და მაინც გამეპარა.
არ ვიმსახურებდი-მეთქი, ვასკვნი.
აღარც მინდა ვწერო.
გვიანი შემოდგომაა და არაფერია მუქი ყავისფერის მეტი, სრულიად არაფერი.
ერთიანად თეთრ კედლებში ვარ. ჟანგიანი საწოლი და უხეირო სკამი მიდგას მხოლოდ. ნაწერებიც ქარს გავატანე, გუშინ რომ იყო. იქნებ ვინმემ ნახოს-მეთქი, მაგ იმედით. თითქოს ვიღაც გაიფიქრებდა, რა კარგად წერსო.... ილუზია. ამას ხომ არავინ მეტყოდა არასდროს.
დილას მითხრეს, არც უნდა დაბადებულიყავიო. მართლებიც არიან. ხანდახან ყველა მართალია, შენი საკუთარი თავის გარდა, ჰოდა ასეა...
მეზობელს სხვენიდან თოკი მოვპარე.
კანტიკუნტად მიმოდიან ფანჯრის იქეთ. არავის სჭირდება სიცივე და შემოდგომა.
მე ყველა არ ვარ, მაგრამ არც მე მჭირდება.
სამფეხა სკამზე ისე ავდივარ, თითქოს სიტყვის გამოსასვლელად ვემზადებოდე და მეცინება. რა უსუსურები ვართ ადამიანები.
... და რისთვის, რისთვის ვიბრძვით საერთოდ?
სქელი თოკია...
არ მცივა და არ მეშინია. მშიშარა არ ვარ.
ხანდახან ყველა მართალია შენი თავის გარდა.
ყულფში წვრილ ყელს ვაძვრენ და ვყუჩდები. მერე ოდნავი ბიძგი და სრულიად უმოძრაოდ ვეგებები ახალ სიცოცხლეს.
არც ვხრიალებ. ვითმენ. ვიღაც იტყვის სუტი იყოო და ალბათ შორიდან გამეღიმება კიდეც. უფრო დავცინებ და იმიტომ.
ოდნავ ვარხევ მარჯვენა ფეხს. ჰაერი აღარ მაქვს, აღარც მინდა. არავისი არაფერი მჭირდება სრულიად, მითუმეტეს სხვისი აშმორებული ამონასუნთქი.
ჰოდა ველოდები.
მოდის კიდეც.
პირველი გაღიმება, ოღონდ სიამოვნების.

***
სხეულიდან გამოვდივარ. სიმსუბუქეს ვგრძნობ. მინდა იმ ადამიანს ვუთხრა, შენზე კარგად ვგრძნობ-მეთქი თავს, დილით რომ მითხრა არ უნდა დაბადებულიყავიო.
ხანდახან ყველა მართალია შენი საკუთარი თავის გარდა.
გვიანი შემოდგომაა აქ, მყარ სივრცეში და მეღიმება. რამდენად უსუსურები არიან ადამიანები და მე - აღარ.
ფანჯარასთან ვჩნდები, მინდა დამალობანა ვეთამაშო ჩემს მეზობელს, თავის ერთი ციდა აივანზე რომ გადმოყუდებულა.
ხანდახან ბავშვობასაც გვართმევენ ხოლმე უნებურად და ხანდახან არცაა საჭირო, დავიბადოთ.
მერე კარი იღება და კაცი, ცისფერ ფერებში ჩემკენ მოდის. უნდა გამომყვეო, მეუბნება. ისე იღიმება, მინდა გავყვე და ხელს ვჭიდებ. ფანჯარასთან მივყავარ. რაფაზე დგება, მივდევ.
ხელის დაქნევა და ნელა ვიწევთ ცისკენ. მაღლა, მაღლა... თეთრში, ცისფერში, ბამბაში, სადაც უკანასკნელად გავისეირნებ,ისე, როგორც ადრე მიყვარდა ხოლმე. მარტოს და მშვიდად.



Tuesday, November 18, 2014

Hello, I'm Alien


ნოემბრის  სუსხი ერთიანად ძვრება ღია ფანჯარაში და ჩემამდე მოდის. ჩამქრალ ოთახში ოდნავ აღწევს ლამპიონის მქრქალი შუქი. ბრაც არ მინთია. ესე მიყვარს, ჩემებურად... მშვიდად და ნოსტალგიურად. უკანასკნელ დღეებში საგრძნობლად აცივდა... რა იქნებოდა მეც მათბობდეს სიყვარული-მეთქი ვფიქრობ ჩემთვის. დედაჩემის ხმაური სამზარეულოდან, ნერვებს მიშლის. ერთი, ორი, სამი... ვითვლი კედელზე გაჩენილ ბზარებს და სიმშვიდე მეუფლება. ოდნავ ცრის. წკაპ, წკუპ... წკაპ წკუპ... მესმის ფანჯარაზე ჩამოსკუპებული წვიმის წვეთების სიმღერა. მთვლემს... უკვე საბანში მოკეცილს ათასნაირი აზრი მეკვანძება და მებურდება თავში...  ნეტა დამეძინოს.
მთვლემს. წკაპ წკუპ... წკაპ წკუპ... რა იქნებოდა ახლა ადგომის თავი მქონოდა, ფანჯარას მივკეტავდი... ოთახში დაჩი შემოდის და ჩემი ლეპტოპი მიაქვს. გარდამავალ მომენტში ვარ. არც მძინავს და თან მძინავს კიდეც... მინდა ვთხოვო ფანჯარა მიხურე-მეთქი და მეზარება. თან მშვენიერი მომენტი მაქვს, ვეჩხუბო. მეზიზღება ნივთებს რომ მართმევენ, თუნდაც დროებით. ქუხს. შეიძლება ელავს კიდეც... მეშინია. მაგარი მშიშარა ტიპი ვარ საერთოდ... უფრო მაგრად ვეხვევი საბანში და შიშის მოტივით თავზეც ვიფარებ.
საიდანღაც მამაჩემის ხმაც მესმის. მერე ხმა წყდება და ვითიშები. უკვე მძინავს. ისევ იქ ვარ... ჩემთან. მე ჩემი სახლი  მაქვს, სადაც ყოველ ღამე მივდივარ. იქ მშვიდად ვარ, კომფორტულად... ახლაც, ჩემი სიზმრის სახლში შევდივარ, შუქს ვანთებ და საყვარელ სავარძელში ვეშვები. იქაც მეძინება. ვითიშები.
გამოვდივარ. მეღვიძება. ფარდის კუთხე ხელებში მედება. ჩემს გვერდით მაგიდიდან გადმოვარდნილი წყლის ბოთლი კარისკენ  მიგორავს. წიგნების გროვაში უკანასკნელს ყდა უფრიალებს...
მცივა, მაგრამ ფანჯარას მაინც არ ვკეტავ. უკან ვბრუნდები და ლოგინზე ვეშვები. ინსტიქტურად ვამოწმებ საათს. ვიცი რომ გვიანია, საათს ვერ ვარჩევ. ან ორია, ან სამი... რა ვიცი, არც მაინტერესებს ისე.
ვწვები და ჭერს ვაშტერდები. ვგრძნობ, რომ კარგად ვარ. რაღაც საზარლის მოლოდინში წვიმაც წყდება და უკანასკნელი წვეთი სრიალით ეშვება ჭერიდან გახუნებულ კედელზე. ლოყებზე შემოჰხევია შპალერი კედლებს. შეჩვეული ვარ იმის ყურებას და ნაკლებად მედარდება ამგვარ გარემოში ცხოვრება. ბრას ვანთებ და კითხვას ვიწყებ. ვუყურებ და ვერაფერს ვხედავ. მეძინება და არ ვიძინებ. ვერ ვიგებ რა მჭირს... მგონი, ვაფრენ... თუმცა, მე სულ ასეთი ვიყავი. ჩემი სურვილის წინააღდეგ მიყვარდა წასვლა. იმას ვეჭიდებოდი, რაც მინდოდა და თავი მაგარი გოგო მეგონა.
რაღაც ზრიალი მყუდროებას მირღვევს. ინსტიქტურად ფანჯრისკენ ვიხედები და ვშრები. რაღაც გაურკვეველი ზომის გაურკვეველი ობიექტი პირდაპირ ჩემს ფანჯარასთან ჩერდება. სვეტად ასული სინათლე ანათებს ასწლოვანი ხეების ტოტებს. ფოთლებს წვიმის წვეთები სცვივა.... ამის დანახვა ამგვარ სიტუაციაში, მხოლოდ მე, მე შემეძლო...!
თვალებს ვხუჭავ და ვირინდები. ვგრძნობ, რომ უნდა მოვკვდე. ან გამოვფხიზლდები, მგონი მძინავს... თვალებს ვახელ. ის რაღაც ისევ იქაა. ფანჯარასთან! გაჩერებული რაღაცას ელოდება... საბანში ვძვრები. მეჩვენება-მეთქი ვაჯერებ თავს და ვაკუუმში ვცდილობ დაძინებას.
ფეხის ხმა ოთახის ბოლოდან მოდის.
უნდა მოვკვდე და აღსასრულს ვერსად გავექცევი.
ვიქცევი ისე, როგორც მე არ მჩვევია. საბნიდან გამოვდივარ, ლოგინზე ვჯდები და ვუყურებ.
მოდის ნელა, მშვიდად და ღიმილით! და ეს ღიმილი სულაც არ ჰგავს საშინელებათა ფილმებში ნანახ, ბოროტ ხარხარის მოსალოდნელ წინასწარ ღიმილს... არა!
თეთრია. სულ... თოვლივით თეთრია და მაღალი. წვრილი და... მოხდენილი!
არ მეშინია.
აღარ.
უბრალოდ ვერა...
თოვლს ჰგავს... თითქოს თოვლის კაცია, ოღონდ დიდი, დიდი ლამაზი თვალებით. თითქოს უზარმაზარი ზურმუხტები აუღიათ და თვალის ფოსოებში ჩაულაგებიათ.  ხორბლისფერ თმებს ოდნავ ეფინება  სვეტიდან აღმართული სინათლე.
ის ადამიანი არ არის. ვდგები და ვჩერდები. თვალებს ვხუჭავ და ვყუჩდები. ვიცი, რომ დასრულდა... ყველაფერი დასრულდა. არაფერი მენანება და არც წარსულს მივტირი. ვიცხოვრე და მორჩა.. ვდგები და მივდივარ. დედაჩემი მეცოდება მხოლოდ.
წამი დაუსრულებლად იწელება და მომენტში მგონია, რომ მოვკვდი. შავის მეტს ვერაფერს ვხედავ. მერე ფერადი წერტილები და გაურკვეველი ფიგურები ირევა ერთმანეთში. თვალები უკანასკნელ ძალამდე დამიხუჭავს. სინამდვილეს ვეღარ ვიგებ და ვეღარც რეალობის შემიტყვია რამე. თვალს ვახელ...
საწოლის კიდესთან დგას. ისევ იღიმება... და ისევ ისე. ისევ ისე... წრფელად.
-        გეშინია? - მეკითხება „რაღაც“, რომლის არსებობაც ვერ გამირკვევია.
თავს ვუქნევ. ნეტავ რა არის-მეთქი ვფიქრობ... მე ხომ არ მჯეროდა ამგვარი სისულეების. ამ წამსაც არ მჯერა ბოლომდე.
-        მოვიდე?
თავს ვაქნევ. მაინც მოდის... კედელს ვეწებები.
საწოლზე ჯდება და მიყურებს. ის  ისე ლამაზია... სასიკვდილოდ ლამაზი.
-        არტური.
-        ლაილა - ვეუბნები მე და მოგონილი შიში ფანჯრიდან ქრება.
-        ვიცი. - მეუბნება და მიღიმის.
ვჯდები და გამოწვდილ ფაიფურის ხელს  ვაშტერდები. ნელ-ნელა მიმაქვს მისკენ თხელი, გრძელი თითები და ვილოდები. ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს ბომბს უნდა შევეხო და მოვკვდე.
ხელი გრილია, გრილი და ცივი. არაამქვეყნიურად მომხიბვლელი. ორჯერ გრძელი თითები აქვს... ჩემსას ვადარებ და მეღიმება. ჩემი  ღიმილი  მისთვის ჩემსკენ გადმოხრის საბაბს იძლევა. თმა კეფამდე აქვს. გადაჭიმულ კანზე მხოლოდ ღიმილისას გაჩენილი ფოსო ემჩნევა ლოყის კუთხეში. სუნთქვას ვაჩერებ და გრილ ნიავს კისერზე თამაშის უფლებას ვაძლევ. არ ვირხევი. ღრმად სუნთქავს. ამ წამს რაღაც შეიცვლება... თავდაყირა დადგება ჩემი მთელი თვრამეტწლიანი ცხოვრება, მაგრამ ვგრძნობ რომ არ ვინანებ. ჩერდება და მაკვირდება.
-        გეძებდი. - მითხრა მოკლედ და კისერზე მაკოცა. ოდნავ შევცბუნდი და შევირხიე. პირველად გავხედე ფანჯარას და გულწრფელად გამიკვირდა მოპირდაპირე კორპუსის ფანჯრების დანახვა.
-        რატომ? - ვკითხულობ ცივად, არადა ვგრძნობ, რომ კარგად ვარ.
-        დიდი ხანია. ვიცოდი რომ არსებობდი და შეუცნობლად მიყვარდი იცი... იცი გიპოვე და მოვედი.
ვდგები და უმიზნოდ ვიწყებ სიარულს ოთახში. კედლის საათი ნერვისმომშლელად წიკწიკებს. არ ვიცი რა უნდა ვქნა... ან როგორ მოიქცეოდა ამგვარ სიტუაციაში ნორმალური ადამიანი. ცხოვრებაში პირველად ვიაზრებ, რომ ისე უნდა მოვიქცე როგორც მინდა და არაფერი სხვა!
-        წამოხვალ? - მეკითხება და ოდნავ არხევს სისხლისფერ ტუჩებს. გარდამავალს.
-        ვერა, იცი მე...
ისევ ფოსოები უჩნდება ლოყებზე. დგება და მიდის.
-        მოხვალ? - ვეკითხები მე და თავად არ მჯერა ჩემი ხმის, იმდენად მტკიცეა.
-        გინდა?
-        მინდა.
-        მოვალ.
-        როდის?
-        როცა მიხვდები, რომ წამოსვლა შეგიძლია...
ფანჯარის რაფაზე ჯდება და ილოდება. თეთრი მეტალის გროვა ისევ ჩემს ფანჯარასთან გაშეშებული, თეთრი შუქის სვეტით  მყუდროებას ურღვევს უბანს.
-        ხვალ... ვამბობ და ლოგინისკენ მივდივარ. ვწვები.
ფანჯრიდან გადის და ქრება.
მთვლემს.
ისევ ჩემს სახლში ვარ. ხის ქოხში და ნაწვიმარ ტყეში გასვლა მინდება. საავდროდ მოღრუბლული ცა გარეთ გასვლის საშუალებას არ მაძლევს და მეც ჩემს დიდ ბიბლიოთეკაში ვიწყებ ქექვას. არ მინდა, არც ეს... ესეც წამიკითხავს, ეს ძველია... ეს ვიცი... აი, ეს... ავტორი ვნახოთ...
-        გაიღვიძე! აბრძანდი და წადი უნივერსიტეტში! სულ სახლში ჯდომა მე არ გამიგია! შენხელა რომ ვიყავი, მაშინ მქონდა ყველაზე კარგი წლები. წადი შვილო, ან უნივერსიტეტი შეირგე, ან სწავლა ან სტუდენტობა, ან დაქალები. გამოკეტილხარ სახლში და შემომყურებ!
მომენტებში ვგრძნობ, რომ დედაჩემი ნერვებს მიშლის. სამზარეულოში ნახევრადმძინარე გავდივარ და ომლეტის მომზადებას ვიწყებ, როცა დაჩი ოთახში შემოდის. სააბაზანოდან გამოსული დედაჩემი მეხმარება, დროს ვპოულობ და მე შევდივარ. იქიდან გამოსულს ომლეტი აღარ მხვდება. დაჩიც მეზიზღება მომენტებში, თან მაგრად.
არაფერზე ვფიქრობ, მინდა რომ ვჭამო. ეგაა და მორჩა. არსად წასვლასაც არ ვაპირებ. მუცელდამშვიდებული ოთახს ვუბრუნდები, მუსიკას ვრთავ და ვიძინებ.

***
შუაღამე გადასულია. ჭერს მიშტერებული წინა ღამეზე ღიმილით ვფიქრობ. მე, თვით ლაილას, აღარაფრის მეშინია. აღარ სიბნელის და აღარც უცხოპლანეტელების, აღარც ბოროტი სულების, აღარც კატების, აღარც ღამის... ვილოდები. წამდაუწუმ ვუყურებ კედლის საათს და განვლილზე ვფიქრობ. სიყვარული ყველაზე აბსტრაქტული მცნებაა, არ მჯერა რომ ვერტიკალური და ბრუნვადია, არც იმისი ფერადოვნობის მჯერა და დიდად, არც ძალის, თუმცა ფაქტია არტური ჩემი ფიქრების ნაწილად იქცა. მერე რა, რომ ადამიანი არ არის და მერე რა, რომ ჩემზე თეთრია. მთვლემს... ისევ ჩემს ქოხში ვარ. არტურიც იქაა, რომელიღაც პოეტის კრებული აგვიღია და ერთმანეთს ვუკითხავთ უთბილეს ტაეპებს. მწყურია, თვალს ვახელ და ხელის ცეცებით ვიწყებ ბოთლის ძებნას. საწოლის კიდეზე არტური ზის და ფართედ იღიმება.
-        მოხვედი? - ვეკითხები. ხმა თბილი მაქვს და უშიშარი.
თავს აქნევს. ოდნავ ერხევა ხორბლისფერი თმა და შუბლზე ეშლება.
-        წამოხვალ?
-        ჰო.
-        ახლა?
-        მერე.
-        მართლა წამოხვალ?
-        მართლა.
გვერდით მიწვება და მერე ერთად ვითვლით ჭერზე წვიმისგან გაჩენილ ზოლებს. ის არ სუნთქავს. ოთახს მხოლოდ ჩემი გულის  აჩქარებული ფეთქვის ხმა არღვევს. ამაზე არტურს ეცინება.
-        რატომ არ მეკითხები ვინ ვარ? - მეკითხება და გამეფებულ სიჩუმეს არღვევს.
-        არტური
-        არა, საიდან ვარ, არ გაინტერესებს?
-        ჰო... 
ისე, არასდროს მიფიქრია საიდან მოვიდა ჩემამდე. კარგი კითხვაა-მეთქი , ვასკვნი.
-        მარსზე ვცხოვრობ. ერთად წავალთ მარსზე.
არ მინდა ჩამეძინოს, მაგრამ ძილი ერთიანად მეხუტება და თავს ვეღარ ვიტავისუფლებ მისგან.

***
ისევ დაღამებას ველოდები და არტურს. ვგრძნობ, რაღაც მაკლია.
-        ლაილა... - მესმის შორიდან.
ფანჯრის რაფაზე ჩამოსკუპებული არტური თავისკენ მიხმობს და მეც, უხილავი ძაფით მასზე მიბმული, ინსტიქტურად მივდივარ მისკენ.
-        წამოხვალ? - მეკითხება.
თავს ვუქნევ.
მერე ისევ მეძინება. აარასდროს ასე არანორმალურად არ მდომებია ძილი, როგორც ახლა.

***
მეღვიძება. ნაცრისფერ ოთახში ვარ. რაღაც მაგარზე ვწევარ, ვგრძნობ რომ გვერდები მტკივა. ვჯდები. ქვისგან თლილ საწოლზე მძინებია. ერთი მეორის მიყოლებით ჩაუმწკრივებიათ გვიმრის წნული ბალიშები.
მრგვალად გამოჭრილ კარში არტური შემოდის და ჩემსკენ მოემართება. ჩემამდე მოდის, ჩემს ხელს იღებს და გაურკვეველი მეტალის სამაჯურს ხელზე მარგებს. მერე ხელს მკიდებს და გარეთ გავდივართ. იქ ბევრი არტური მხვდება. არტურის ვარსკვლავებიან თვალებში საკუთარ ანარეკლს ვხედავ. ისევ ისე, ჩვეული ღიმილით და...
-        გაიცანი. ჩემი მშობლები...
ისევ მეძინება და როგორღაც თავს ვიკავებ.
 წითელ ცას ერთიანად ამშვენებს ნარინჯისფერი დისკო.
-        მე ლაილა. - ვამბობ და ახალი ნათესავების გაცნობას ვიწყებ.

სულისშემხუთველად თბილა.