Sunday, November 23, 2014
ვადაგასული შემოდგომა
... კიდევ ერთხელ დაღამდა. ისე, თითქოს არაფერი. დღითიდღე მიჯდება კანში ქარის მოტანილი უშენობა. მერე... მერე ყველა უჯრედს რომ დაეუფლება გამაციებს ხოლმე... უშენობა მცივა. ჩემს ირგვლივ შემოდგომის უკანასკნელ დღეებს რომ ითვლიან, გამეღიმება ხოლმე. მოცლილებიც ხომ არსებობენ... თანაც რამდენი. და მე...
მე ყოველღამე ვერგათენების ტკივილით და მოლოდინით მძინავს. მაშინ, როცა ჩემი კედლის იქით, პაწაწინა ბავშვის მშვიდი ფშვინვა ისმის... როცა ქვემოთ სართულზე ჩემს მეზობელ წყვილს ჩახუტებულს სძინავს, მაშინ, როცა ნახევრად განათებულ ქალაქში ფეხაკრეფით დაიარება მარტოობა.
ლამპიონიც,უგემურად რომ აყუდებულა და ნაძვის ერთ ტოტზე თავი ჩამოუდვია, უსაქმოდ მყოფი, თანდათან ითვლის წვიმის წვეთებს...
ერთი,ორი, სამი....შვიდი,რვა...
სადენებზე ჩამოსკუპებული ბეღურები სველი ფრთებით ებრძვიან სიცივეს.
მერე....
მერე ისევ წამოიტირებს დედამიწა... ისევ დაიღვრება მიწაზე ცრემლს მოყოლილი მოგონებები...
გვერდით ქუჩაზე, პატარა ოთახში გძინავს...
... შენს ქუჩაზეც გაწვიმდება, მაგრამ ვერ იგრძნობ.
ისე მცივა, როგორც ობოლ ბავშვს.. დედის სითბო რომ არ ახსოვს, ან დავიწყებია.
უშენობით აყროლდა ვადაგასული შემოდგომა.
Subscribe to:
Post Comments (Atom)
No comments:
Post a Comment