Wednesday, November 19, 2014

ზამთრის ხუთი მოკბეჩილი ღამე


არ ვიცით სად ვართ, მაგრამ ვიცით, რომ სახლში ვართ. აი, ასე... მარტივად! ავდექით, ჩავიცვით, ჩავალაგეთ და წამოვედით. ვიცოდით, რომ ერთად გვინდოდა და მეტი არაფერი. მიყვარს-მეთქი მასზე არასდროს ვიტყვი... სიყვარულზე მეტიც არსებობს რაღაც, უფრო ზემდგომი, ამაღელვებელი და სულის შემატოკებელი... შემიყვარდა და მორჩა! მერე რა, თუ ვერავინ გამიგო... მერე რა, თუ ყველამ უარმყო და მიმატოვა.
ავდექით და წამოვედით. თებერვლის სუსხიანი ჰაერი გვიწვავდა სახეს. ვიცოდით მარტო ერთი, მე ის მინდოდა, მას - მე. რაღაც უსასრულო გზა გავიარეთ, მერე გადავუხვიეთ და ფიჭვნარში შევერიეთ. აწოწილი ხმელ-ხმელი ხეები ზემოდან დაჰყურებდნენ ჩემს პაწია, დაუცველ ზეინას. მინდოდა დამეცვა. ყველასგან და ყველაფრისგან, უსასრულოდ... ვალდებული ვიყავი კიდეც.
ხეებში შევერიეთ. ნაძვის ხის გირჩებს აგროვებდა ზეინა. უყვარდა ნაძვის გირჩები, ძალიან... ტყეც უყვარდა ზეინას, ცუდი ამინდიც... მეც.
მიტოვებულ ქოხმახს მივადექით. ერთი შევხედე და გავუღიმე. ისიც უთქმელად მიხვდა, რომ ეს ჩვენი ახალი ბინა იქნებოდა.
კაი ღია დაგხვდა და შევედით.
ზეინა, აწ უკვე ჩემი ცოლი, წამიერად დაიბნა... მერე საქმიანად ამოაბარგა პატარა ზურგჩანთიდან სახლიდან წამოღებული მცირეოდენი სანოვაგე, მორყეულ მაგიდაზე დაალაგა და დამელოდა...
ვხედავდი და მინდოდა, მთელი ჩემი არსებითა და თითოეული უჯრედით მინდოდა ჩემი ყოფილიყო. ის ხომ ზეინა იყო, პაწაწინა, წვრილი და მოკლედ თმაშეკრეჭილი, ზღვისფერთვალა ზეინა...
გარეთ გამოვედი. გამახსენდა რომ ცივილიცაზიის. გლობალიზაციის შვილი ვარ და ტელეფონი მოვიძიე. 24 თებერვალი. ჩემი ცხოვრების ახალი საწყისი, ახალი სტადია... მხოლოდ მე და ზეინა! მეტი არაფერი...
წვრილი ბილიკი ავიარე და ტყეში შევერიე. შიგადაშიგ მწვანე იყო გატიტვლებული ხეები და გავიოცე... ნელ-ნელა ვატეხდი ხეებს უწვრილესს ტოტებს, არ მინდოდა რომელიმე ხის სულში შევმძვრალიყავი და დამეფლითა... მერე, თითოეულს, რომელსაც ტოტი წავართვი ჩავეხუტე და წამოვედი. ცოტათი გათბნენ ალბათ. ყოველშემთხვევაში თავი დავიიმედე.
ზეინა ოთახში დამხვდა. ერთიანად კანკალებდა. იმის დანახვაზე ერთიანად ამიტანა ცახცახმა. ნაცრით გავსებულ ბუხარს მივადექი, ჩავიმუხლე... მთელი ჩემი ძალ-ღონე და მალე ცეცხლის ენებმა ჩემსკენ წამოიღეს გახურებული, მწველი თითები.
დათბა. ერთიანად ჩაწვა სულში გაზაფხული, თუმცა ჯერ ადრე იყო...
იმის თმაში ჩავრგე თავი და გავირინდე. ვიცოდი, ეს ჩემი ცხოვრების საუკეთესო წამები იყო და მაინც მეშინოდა. მეშინოდა, ვიღაცას არ წაერთმია ჩემი ზეინა...
დავაღამეთ. ტყეში უცნაური ბინდი ჩამოწვა და ტყემაც შავი თავშალი მოიხვია უცებ. უმთვარო ღამე იყო. ეშინოდა ზეინას და მთელი სხეულით ვეკვროდი, რომ გამეთბო.
ვუყვებოდი მომავალზე, შვილებზე. ჩემი და ზეინას ბიჭებზე, რას დავარქმევდით, როგორები იქნებოდნენ... იცინოდა ზეინა დ ამისი სიცილი ერთიანად მგვრიდა ტკივილს და სიხარულს....
გათენდა. ცამ ქამელეონის მიბაძვით იცვალა ფერი. მტრედისფერ ღრუბლებში ნელა შესრიალდა მზის სხივი, იქიდან ტყემდე დაეშვა და ზეინა გაათბო.
ვისხედით მე და ზეინა შიშველ სივრცეში და არაფერი გვაღელვებდა სრულიად. ვუყვებოდი წარსულსა და მომავალზე ერთდროულად. ხშირად იღიმოდა და ის ღიმილი მკლავდა ბოლომდე… ის ისეთი ნაზი და დაუცველი იყო... ფარფატა პეპელა, რომელიც ლამაზ ყვავილებს მოჰყვა და ჩემამდე მოვიდა.
იმ ღამეს სამუდამოდ მივისაკუთრე ჩემი ზღვისფერთვალა. ეს უბრალოდ მოხდა... აუღელვებლად, მაგრამ მაინც დიდი ემოციით... არც უტირია და არც უთხოვია სამუდამოდ დავრჩენილიყავი მასთან. ეს მან უჩემოდაც მშვენივრად იცოდა და იმიტომ...
დღე დღეს მიჰყვებოდა და ვაღამებდით. სიყვარულით ვთბებოდით და ხანდახან გვიკვირდა კიდეც, რატომ ვანთებდით ბუხარს... ჩვენ ხომ, სულ, სულ სხვა ძალა გვითბობდა სისხლს... ალბათ სიმბოლურად... ბუხარი ხომ უზომოდ უხდება ახალ-ახალ ისტორიებს.. ჰოდა  მეც ვყვებოდი.
მერე ზეინა შეიცვალა. წამიერად დ ავიგრძენი რაღაც არარსებული და არსებული, აბსტრაქტული და ჩემზე გაცილებით ძლიერი, რომელიც მართმევდა... მართმევდა პეპელა-ზეინას.
***
ზეინა კარგად ვერ არის და ვგრძნობ, რომ მართმევენ. დიდრონი თვალებიდან მიყოლებით სცვივა გამჭვირვალე ბურთები. თვალებზე ვკოცნი, მინდა რომ ცრემლები შევუშრო, მაგრამ არ გამომდის...
თვალებს ხუჭავს და მიდის. ჩვენს ხის ქოხში ატუზული სიკვდილი, მარტოდმოსული აღარ მიდის მარტო...
ვგრძნობ, რომ უნდა მოვკვდე. თებერვალი ოცდაცხრითაა ახლა. ხვალ გაზაფხულია უკვე. ხვალიდან ჩემს გაზაფხულს უშენობა ჰქვია-მეთქი ვეუბნები ჯერ თბილ ზეინას და ქოხს ვტოვებ.
უკანასკნელ ფიჭვამდე გათიშული მივდივარ. არაფერზე ვფიქრობ. როგორც რაიმე ელექტრონული მოწყობილობა, ისე გამთიშეს. აღარანაირი აზრი და აღარანაირი ფიქრი, ჰოდა მეც თოკს მჭიდროდ ვამაგრებ ტოტზე...
ესეც ჩემი, უკანასკნელი ზამთრის უკანასკნელი ღამეები. თებერვლის ხუთი, მოკბეჩილი ღამე...


პ.ს (https://www.youtube.com/watch?v=KUim-02GRsI)










No comments:

Post a Comment