ერთხელ ვთქვი, როცა ვეღარაფერს დავწერ, მაშინ მოვკვდები
მეთქი. ღრმად მჯეროდა ამისი.
იმის მერე ბევრი გავიდა, ბევრი წავიდა... მაგრამ არავინ
მოსულა, არასდროს.
ეხლა გვიანი შემოდგომაა და სიცარიელით გავსებულ ოთახში
მკვეთრი სიმყრალე მცემს, რაღაცნაირად ჩემში შემოდის და მახრჩობს. ყელში ჩერდება და
აღარსად მიდის.
როცა ვეღარ დავწერდი, მაშინ მოვკვდებოდი, ასე მჯეროდა.
ბოლოს გუშინ დავწერე. იმის მერე ვწვალობ, არადა როგორ
მინდა სადენზე ჩამოსკუპებულ ჩიტებს მოვუყვე რაც მჭირს...
რაღაც დამეკარგა. გამეპარა. კარდაკეტილ ოთახში ვცხოვრობ
და მაინც გამეპარა.
არ ვიმსახურებდი-მეთქი, ვასკვნი.
აღარც მინდა ვწერო.
გვიანი შემოდგომაა და არაფერია მუქი ყავისფერის მეტი,
სრულიად არაფერი.
ერთიანად თეთრ კედლებში ვარ. ჟანგიანი საწოლი და უხეირო
სკამი მიდგას მხოლოდ. ნაწერებიც ქარს გავატანე, გუშინ რომ იყო. იქნებ ვინმემ ნახოს-მეთქი,
მაგ იმედით. თითქოს ვიღაც გაიფიქრებდა, რა კარგად წერსო.... ილუზია. ამას ხომ არავინ
მეტყოდა არასდროს.
დილას მითხრეს, არც უნდა დაბადებულიყავიო. მართლებიც
არიან. ხანდახან ყველა მართალია, შენი საკუთარი თავის გარდა, ჰოდა ასეა...
მეზობელს სხვენიდან თოკი მოვპარე.
კანტიკუნტად მიმოდიან ფანჯრის იქეთ. არავის სჭირდება
სიცივე და შემოდგომა.
მე ყველა არ ვარ, მაგრამ არც მე მჭირდება.
სამფეხა სკამზე ისე ავდივარ, თითქოს სიტყვის გამოსასვლელად
ვემზადებოდე და მეცინება. რა უსუსურები ვართ ადამიანები.
... და რისთვის, რისთვის ვიბრძვით საერთოდ?
სქელი თოკია...
არ მცივა და არ მეშინია. მშიშარა არ ვარ.
ხანდახან ყველა მართალია შენი თავის გარდა.
ყულფში წვრილ ყელს ვაძვრენ და ვყუჩდები. მერე ოდნავი
ბიძგი და სრულიად უმოძრაოდ ვეგებები ახალ სიცოცხლეს.
არც ვხრიალებ. ვითმენ. ვიღაც იტყვის სუტი იყოო და ალბათ
შორიდან გამეღიმება კიდეც. უფრო დავცინებ და იმიტომ.
ოდნავ ვარხევ მარჯვენა ფეხს. ჰაერი აღარ მაქვს, აღარც
მინდა. არავისი არაფერი მჭირდება სრულიად, მითუმეტეს სხვისი აშმორებული ამონასუნთქი.
ჰოდა ველოდები.
მოდის კიდეც.
პირველი გაღიმება, ოღონდ სიამოვნების.
***
სხეულიდან გამოვდივარ. სიმსუბუქეს ვგრძნობ. მინდა იმ
ადამიანს ვუთხრა, შენზე კარგად ვგრძნობ-მეთქი თავს, დილით რომ მითხრა არ უნდა დაბადებულიყავიო.
ხანდახან ყველა მართალია შენი საკუთარი თავის გარდა.
გვიანი შემოდგომაა აქ, მყარ სივრცეში და მეღიმება. რამდენად
უსუსურები არიან ადამიანები და მე - აღარ.
ფანჯარასთან ვჩნდები, მინდა დამალობანა ვეთამაშო ჩემს
მეზობელს, თავის ერთი ციდა აივანზე რომ გადმოყუდებულა.
ხანდახან ბავშვობასაც გვართმევენ ხოლმე უნებურად და
ხანდახან არცაა საჭირო, დავიბადოთ.
მერე კარი იღება და კაცი, ცისფერ ფერებში ჩემკენ მოდის.
უნდა გამომყვეო, მეუბნება. ისე იღიმება, მინდა გავყვე და ხელს ვჭიდებ. ფანჯარასთან
მივყავარ. რაფაზე დგება, მივდევ.
ხელის დაქნევა და ნელა ვიწევთ ცისკენ. მაღლა, მაღლა...
თეთრში, ცისფერში, ბამბაში, სადაც უკანასკნელად გავისეირნებ,ისე, როგორც ადრე მიყვარდა
ხოლმე. მარტოს და მშვიდად.
No comments:
Post a Comment