Saturday, November 22, 2014
***
რა ხანია კედლიდან კალენდარი ჩამოვხსენი. მზეც აღარ მაქვს, აქამდე ფანჯრიდან რომ მეპარებოდა ხოლმე. ისე მოვიდოდა, არც ველოდებოდი, თუმცა ვგრძნობდი, რომ მჭირდებოდა.
რა ხანია აღარ ველოდები სიკვდილს.
საათიც გუშინ გადავაგდე, გამიფუჭდა. ძველი საათი მქონდა, ბაბუამ დამიტოვა, როცა კვდებოდა.
მეუბნებიან, ხასიათი დაგიმძიმდაო. მე სულ ასეთი ვიყავი, თუმცა ვერასდროს მამჩნევდნენ ჩემი ხასიათიანად. ისიც მითხრეს, რომ როცა სუსტი ხარ, უნდა დანებდე.
ყველა მეუბნება, უნდა იფიქროო, ფიქრი კარგი არისო, თუმცა არ მეფიქრვინება. რა ხანია შევეგუე სიკვდილის განცდას და ხმელ ფოთლობას.
გაზაფხულზე დავიბადე. აპრილში. წვრილად აყვავავებულ ალუბლის ხე რომ სინაზით და მორიდებით იდგა, ქარი როცა იყო და დედაჩემმა არ იცოდა საკუთარი შეცდომის შესახებ...
მერე რამდენიმე ათეული გაზაფხული გავლიე და მივხვდი რომ დავმძიმდი. ვეღარ ვათრევდი სულს, რომელიც სხვებისთვის გამჭვირვალე იყო და თავად ჩემთვისაც, არაფერი იყო ირეალური მტვრის გროვის მეტი.
დედაჩემი მორწმუნე ქალი იყო. მეუბნებოდა, რომ არასდროს უნდა დამეკარგა მომავლის იმედი და რწმენა. მერე იმანაც დამტოვა და დავრჩი ასე, მომავლის,იმედის და ღვთის გარეშე. ისე წავიდა, არ იცოდა რომ დიდი შეცდომა დაუშვა. აი,მაშინ, წვრილად აყვავებულ ალუბლის ნაზ ხეზე რომ ფერადი ჩიტები,თითოეული უჯრედით ისრუტავდნენ სხივებს.
რა ხანია აღარ ვითვლი დღეებს, რა ხანია აღარც გაზაფხულს ველოდები.
მეუბნებიან ხასიათი დაგიმძიმდაო,თუმცა მე სულ ასეთი ვიყავი. მათ ვერ მიმიღეს ასეთი და მერე მე დამაბრალეს, რომ რთული ვარ.
თხელი კედლის იქით მეზობლის საათი გაუჩერებლად წიკწიკებს და ჩაფერფლილ გრძნობებს ცივად აყრის ნაცარს.
რა ხანია აღარც მზეს ველოდები. აღარც დედას. აღარც იმედს.
ოთახში კედლებზემცოცავ ობობებს აღარ ვუშლი ქსოვას. გადახლართულ ქსელებზე ჩამოკიდებულ განცდას, რომ აღარა ვარ, ვერაფერი მიცვლის.
რა ხანია შევეგუე სიკვდილს.
Subscribe to:
Post Comments (Atom)
No comments:
Post a Comment