Tuesday, November 18, 2014

***


საკმაოდ ცხელა. პრინციპში, ტიპური ივლისის დღეა. აი, ქუჩაში გასვლა რომ დაგეზარება კაცს, ისეთი...
ივლისის მზე არავის ინდობს. გამვლელები, ოფლში გაწურულები, უიმედოდ თავის ქნევით ცდილობენ სულ მცირე ჩრდილის ნახვას, თავი რომ დააღწიონ მზის სულსშემხუთველ მარწუხებს.
მე და ჩემი და ბაზარს ვეძებთ. ჰო, ვეძებთ, იმიტომ რომ ოჯახისგან განებივრებულებმა არაფერი ვიცით, არადა გოგოები გქვია.
დახლთან ვჩერდებით.
დილიდან ატამი უნდა სალოს. შემაწუხა, ჰოდა წამოვედით.
ატამი არცთუ კარგ ფორმაშია, მაგრამ ვხვდები, გაჩერების მიზეზი სულ სხვაა... ბერიკაცის სათნო თვალები.
-        2ლარში 3 კილოს მოგცემთო,-  გვიღიმის მოხუცი და ჩემი დაც საფულის ძებნას იწყებს.
მე მოხუცს მივჩერებივარ. ის ისეთი სუფთაა, ალალი და სათნო. თეთრი წვერი ალბათ მოუცლელობის შედეგია.
ატამს წონის. ხელები საკმაოდ დანაოჭებია.
ვგიჟდები ასეთ ხალხზე... თავისი პატიოსანი შრომით მოპოვებულ ლუკმას რომ ჭამენ მადლიანად, ყოველ საღამოს, აი მაშინ, ოჯახში დაღლილ-დაქანცულები რომ მივლენ და ბედნიერებაგამკრთალი თვალებით იუწყებიან, ცოტაოდენი შემოსავალი დაგვრჩა დღევანდლიდანო. ისინი ყველაზე სუფთები არიან. სულით სუფთები. ალალები... დაუნანებლადაც გამოაყოლებენ 1, 2 ან უფრო მეტ პროდუქტს პარკში, რომელსაც შეიძლება ზიზღით უწვდიდე, რადგან მათი ვიზუალი არ გაკმაყოფილებს. შენ ქალაქელი ხარ, უბრალოდ რაღაც გინდება და მაშინვე გარბიხარ, „სოფლის ნობათი“ რომ შეიძინო და მერე შენს მეგობრებს, „მაღალი საზოგადოების წევრებს“ შესთავაზო, რადგან ისინიც შენნაირები არიან, რადგან იმათი კაპრიზებიც შენსას ემთხვევა...
მოხუცი ატამს ალაგებს  და ვხვდები, ხილი იმაზე მეტია, ვიდრე უნდა იყოს. მე ასე მწამს, ყველა გლეხკაცი ერთნაირია.
ერთნაირი, ალალი და სუფთა.
ჩემი და პარკს ართმევს, მადლობას უხდის და ბედნიერი ღიმილით ემშვიდობება. მოხუცს უფრო მეტად უხარია, რადგან სახლში მომლოდინე შვილიშვილებს ერთ საღამოს მაინც აჩუქებს ბედნიერებას. ბედნიერება კი უბრალოა -  შოკოლადი, რომელიც მათ ასე აკლიათ.
ივლისის პირველი დღე იყო, თითქოს არაფრით გამორჩეული, ატმისთვის ვიყავით გამოსულები ქალაქში.


No comments:

Post a Comment