გაზაფხულის საღამო
იყო. ჰაერი მიწის, რძის და ყვავილების სუნით იყო დამძიმებული, როგორც ჩვეულებრივ. გაზაფხულის
შხაპუნა წვიმის ხმა არღვევდა ოთახში გაბატონებულ სიმშვიდესა და მყუდროებას. თავს ძალა
დაატანა და ადგა. ფანჯარა გამოაღო და მზეს უფლება მისცა ოთახში შეფრენილიყო. წამშივე
იგრძნო დაღლილობა და იქვე მდგარ სავარძელში ჩაეშვა. როგორი ახლო იყო მისთვის ეს ამინდი...
არეული, გაურკვეველი. სახე მზეს მიუშვირა, თითქოს მისგან ენერგიის მიღება სურდა. ლილე
ერქვა. ლილე ხომ ნათელს ნიშნავს, მზის ნათებას... ამიტომ, განსაკუთრებულად უყვარდა
მზე, გაზაფხულის მზე. ავტომანქანის ხმამ ფიქრებიდან გამოარკვია. გაციებული ჩაის უკანასკნელი
წვეთი დალია (თავადაც არ იცოდა რატომ ან რისთვის) და მაგიდას მიუჯდა. „მზე... მზე ჩაქრა“
– დაიწყო წერა. უნებურად მიჰყვა დინებას და რაღაც ტექსტიც თავისით მოიხაზა. გადაღლილმა
გონებამ ანგარიში ვეღარ გაუწია თითებს. ყველაფერი უნებურად მოხდა. წერა შეწყვიტდა და
ღრმად ამოისუნთქა. ვის რაში სჭირდებოდა მწერალი გოგო? ვის რაში სჭირდებოდა მისი ნაჯღაბნები?
დაცინვის მეტიც არაფერი მიუღია ცხოვრებისგან. ნახევრად ჩამოხეულ შპალერზე ჯერ კიდევ
ჩანდა მისი დახატული ყვავილები. ოთახშიც გაზაფხული ჰქონდა ლილეს, ყოველთვის. ყველა
სეზონზე... წამოდგა, ფანჯრის რაფაზე ჩამოსკუპდა და ოთახში შემოჭრილ ნუშის ხეს ტოტი
მოატეხა. ქათქათა, ფიფქისფერი სუსტი ყვავილები
ტოტს მოსწყდა და ძირს დაცვივდა. უცებ, რაღაც აზრმა გაურბინა გონებაში ლილეს და ღიმიც
შეეპარა ტუჩის კუთხეში. ნახევრად გატყავებულ საძინებლის კედლებს თვალი მოავლო და სიმშვიდე
იგრძნო. ყველაზე ძნელი გაურკვევლობააო, თავადაც იტყოდა ხოლმე. ახლა უკვე იცოდა, როგორ
მოქვეულიყო.
სააბაზანოში უხმაუროდ
შეიპარა. სარკეში დანახულ ანარეკლს თვალი გაუსწორა და ზიზღი იგრძნო. ზიზღი, რომელიც
საზოგადოებამ გაუღვიძა. ზიზღი, რომელიც ბრბომ აგრძნობინა. გაზაფხულისფერ მანტიაში გახვეული
მუზა წყნარად ატუზულიყო კუთხეში. ლილემ მჭრელ საგანს დაუწყო ძებნა...
***
მუზას ხელი ჩაჰკიდა
და ფანჯრის რაფაზე შედგა. თავისუფლება იგრძნო, სიხარული... სიმშვიდე. სააბაზანოში დაგდებული „ლილეს“ არარაობა რომ ერთიანად შეიგრძნო,
მუზას შეხედა. სუსტად დაიქნია მუზამ თავი... დროაო. მერე ერთად გადაეშვნენ ფანჯრიდან,
მაგრამ... ძირს არ დავარდნილან. მაღლა წავიდნენ. ცისკენ აიწიეს, აფრინდნენ. ღრუბლებს
შეერივნენ მუზა და ლილე. გაიღიმა. გოგონამ პირველად გაიღიმა. ბამბისებრ, ფარფატა ღრუბელზე
ჩამოჯდა და ძირს ჩაიხედა. საკუთარი სახლის გაღებულ ფანჯარაში წვიმა ასხავდა. უკვე აღარც
საცოდავი სახლის ცარიელი კედლები დაენანა სისველისთვის. თავი გადაწია და უკეთესი სურნელი
იგრძნო. უკეთესი, ვიდრე ვერ დამდგარი გაზაფხულის, თავისუფლების....
No comments:
Post a Comment