Tuesday, November 18, 2014

ჩემეული შემოდგომა


უგემურად ცრის.
ყვითელი ფერი დაჰკრავს ჩემს ქალაქს. შემოდგომისფერი, მოხუცებულობის და სიკვდილისფერი... წვიმს და ვგრძნობ,როგორ იღვრება ჩემს ქალაქში შემოდგომა. როგორ იბუდებს სითბო ჩემს სხეულში და როგორ მინდა, არასდროს დასრულდეს გალუმპული ფოთლების ცვენა. ფოთოლცვენა – ბუნების დასაფლავების სცენაა მხოლოდ... ასეა ჩემთვის.. ფანჯარაში მოცქირალი მოხუც წყვილს ვხედავ,ხელიხელაკიდებულს, ქოლგიანები რომ მისეირნობენ და ალბათ, მძაფრადაც გრძნობენ სიყვარულს.... შემოდგომა მათი სეზონია–მეთქი, გულში ვფიქრობ. მოხუცებულობის... დამჭკნარი სხეულის... სიკვდილის მოახლოებით გამოწვეული შიშით.... აი, ჭადრებს ჩაუარეს. ხმელი ფოთლების წვიმა სევდის მომგვრელი ხდება მათთვისაც. წამით მოწყენილები შესცქერიან ერთმანეთს და სწრაფი ნაბიჯით ცდილობენ გაასწრონ იმ საშინელ სცენას, რომელიც მათ ცხოვრებაშიც, სულ მალე განმეორდება...
არ მიყვარს შემოდგომა და ალბათ, ვერც ვერასდროს გავუგებ მათ, ვინც ამ სეზონში ესთეტიკას ხედავს... მე მხოლოდ წვიმა მიყვარს და არა ფიქრი დასასრულზე....
აი, პატარა ბავშვი, ზურგჩანთით... ფეხის ბაკუნით რომ მიაბიჯებს... თითქოს ჩამესმის კიდეც მისი ტერფების და გასრესილი ფოთლების ხრაშუნის ხმა. ჩემი ქუჩა დროებითი სასაფლაო ხდება... და მჯერა, მხოლოდ მე მესმის ფოთლების ძახილი... მათი სევდაც. „უსულო“ არსებები სიცოცხლეს ემშვიდობებიან, არაფრობაში იკარგებიან და უმისამართოდ ქრებიან...  მტკივა... მტკივა მათი წარმავლობა...
... შემოდგომა? მოხუცებულობის, დამჭკნარი სხეულის, სიკვდილის და მოწყენის სეზონი... სეზონი, ხანდახან თბილად მყოფს ცივ ამინდში, შენს დასასრულზეც რომ დაგაფიქრებს.



No comments:

Post a Comment