Tuesday, November 18, 2014

---


მაღვიძარას ერთს შეაგინებ და მერე ზლაზვნით, ნახევრად მძინარე აიძულებ სხეულს, წამოდგე. მერე დგები კიდეც. სახეზე ცივ წყალს შეისხამ და გამოფხიზლებულს ის უჩინარი გაგახსენდება, თან რომ გდევს მოუშორებელ ტილივით. აზრი, მილიარდჯერ ახლართული და განასკვული რომ გიდევს მაგ პატარა შუბლის სიღრმეში. გაგახსენდება და მშვიდი ქშენით ამოიღებ სხეულიდან წარსულს.
მე მაღვიძარა არ მაქვს. დედაჩემი შემომძახებს და გამეღვიძება. გამეღვიძება და ინსტიქტურად ჩავიცვამ რამეს. მერე სახეზე ცივ წყალს შევისხამ და გამოფხიზლებულს მეც ის უჩინარი გამახსენდება, თან რომ დავატარებ საყვარელი სამკაულივით. ღრმად ამოვისუნთქებ და თან ამოვიღებ მივიწყებულ მოგონებას.
არაფერს შეჭამ. ადგები და სახლიდან გახვალ. მერე უკვე გრძნობ, რომ თავისუფალი ხარ, თავად გადაწყვეტ სად წახვალ ან როგორ გავა დღე.
ცოტას შევჭამ. დედაჩემი მეტყვის, რომ საჭიროა... მერე ჩანთას ავიღებ და დღიურ გეგმას შევიდგენ წინდაწინ. დროის ფუჭი კარგვა მეზარება, რახანია...
სახლში არ შედიხარ, ან თუ შედიხარ შეუმჩნევლად. რატომღაც სუიციდზე ფიქრი მოსვენებას არ გაძლევს. ძლიერი სუსტი ხარ და მაინც ისევ ისე, ჩვეულად წვები, იწყებ ფიქრს მომავალზე, რომელშიც საკუთარი თავის გარდა, აღარავინ დაგრჩენია. უიმედოდ ებრძვი აწმყოს.
სახლში განადგურებული მივდივარ. ყოველდღიურობით და უშენობით დაღლილი.გეგმაშესრულებული ფუჭ საქმეს გამოვიჩენ, რომ არ ვიფიქრო... აივანზე გავალ ხოლმე და ვარსკვლავებს დავთვლი. მიხარია. მიხარია, რომ ეს ცა მაინცაა "ჩვენი", ოღონდ ჩემი და შენი ცალკ-ცალკე.
შენ ფიქრობ.
მეც ვფიქრობ.
შენ- აღარ.
მე - ისევ.
რა ხანია მეწერინები.
ხანდახან მაინც ფიქრობ.
მე - ვეღარ.
შენ - შენთვის.
მე - ჩემთვის.

No comments:

Post a Comment